საქართველოში, გარემოს დაცვის კუთხით, სავალალო მდგომარეობაა. რისი დასტურიც გახლავთ გარემოს დაცვის სამინისტროს ე.წ. რეორგანიზაცია, რის შედეგადაც სამინისტროს თითქმის აღარ დარჩა გარემოს დაცვაზე კონტროლის რეალური ბერკეტები. წლებია უმოწყალოდ იჩეხება ხე-ტყე და ბინძურდება გარემო. პარლამენტში შედის საკანონმდებლო ცვლილებები გარემოს დაცვის ნორმატიულ აქტებში, რომელთა გამო სერიოზული საფრთხე ელის საქართველოს ტყეებს და ეკოსისტემას.
აქედან გამომდინარე, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამოქმედდეს ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი.
საჭიროა შეიქმნას ორგანო, რომელიც წინ აღუდგება იმ უკანონობებს, რომელიც ამჟამად ხორციელდება. ვფიქრობთ, ყოველივეს ეკოომბუდსმენი დაუპირისპირდება, რომელსაც ექნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და უფლებამოსილება ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისა.
მსგავსი სამსახური არსებობს უნგრეთში და აშშ-ის ცალკეულ (მაგ. ნიუ-მექსიკოს) შტატში.
საჭიროა, შეიქმნას კანონის პროექტი, რომელშიც გაიწერება ეკოომბუდსმენის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება. ეკოომბუდსმენის საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, თუმცა უზრუნველყოფილი უნდა იქმნას მისი დამოუკიდებლობის რეალური გარანტიები. იმედია ეს ინიციატივა მხარდაჭერას ჰპოვებს და ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედება რეალური იქნება.
საქართველოში ამჟამად მოქმედებს ენერგო და ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტები. ვთვლით საჭიროა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებაც, რადგან ამ კუთხით საქართველოში სერიოზული პრობლემებია. ჩვენი აზრით ეკოომბუდსმენის კანდიდატურა უნდა წარადგინოს ამ მიზნით შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელსაც პარლამენტი შემდგომში დამტკიცებს, ეკოომბუდსმენი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, რომელსაც წელიწადში ორჯერ წარადგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий