Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

вторник, 10 апреля 2012 г.

არასამთავრობო ორგანიზაციები ბახმაროს გადასარჩენად ერთიანდებიან

საქართველოს ხელისუფლების დაუფიქრებელი და გაუწონასწორებელი გადაწყვეტილების შედეგად, მსოფლიო დონის კურორტ ბახმაროს, რომელიც შავი ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მდებარეობს, სერიოზული საფრთხე ემუქრება. საქმე იმაშია, რომ მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, სადაც უშუალოდ კურორტი ბახმაროა განლაგებული, შენდება ხუთი კასკადური ჰესი. აღნიშნულთან დაკავშირებით „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ოფისში „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს“ ექსპერტმა მარინე ჟორდანიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
აღნიშნული ჰესების მშენებლობა შეცვლის ხეობაში არსებულ კლიმატს, რაც თვით ბახმაროს, როგორც კურორტის ფუნქციის დაკარგვას გამოიწვევს. აღნიშნული ჰესების მშენებლობისას უნდა გაიჩეხოს 10 ჰა-ზე მეტი ტყის მასივი, რისი ეკონომიკური გაანგარიშებაც (სავარაუდო ზარალი) არ განხორციელებულა. როგორც მარინე ჟორდანიამ განაცხადა, შედეგად განადგურდება ბიომრავალფეროვნება - ფლორისა და ფაუნის იშვიათი და ენდემური სახეობები, რომელთა უმრავლესობაც წითელ ნუსხაშია შეტანილი (მაგ. პონტოს მუხა, აღმოსავლური ნაძვის კორომები, თეთრყვავილასა და ყოჩივარდას სახეობები და სხვ.).
ბახვი-1-ის მშენებლობისას, ბახმაროს თავზე, კეთდება 80 მ. სიმაღლის კაშხალი, ხოლო 500 მ. სიმაღლეზე დაიდგმება ჰესი. ეს იქნება ყველაზე მაღალი დაწნევის ჰესი საქართველოში. ხელოვნური ტბის სიგრძე კი 3 კმ. იქნება. კასკადური ჰესებისა და მაღალი კაშხლების მშენებლობა საფრთხე უქმნის იქთიოფაუნის განვითარების ციკლს. აგრეთვე, გაქრობა ელის მტკნარ წყლებს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის’’.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჰესების მშენებლობისა და მუდმივი სარგებლობის უფლება მოიპოვა თურქულმა კომპანიამ KGM (ქეი-ჯი-ემ), რომლის მფლობელობაშიც გადავიდა ეს ჰესები და რომელმაც უნდა განახორციელოს მათი მართვა. მშენებლობას კი ახორციელებს დეველოპერული კომპანია შ.პ.ს. ”ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერი”. ხუთივე ჰესის საერთო სიმძლავრე 57 მეგავატი იქნება, რომელიც შემდგომ 110 კვტ-იანი ხაზით თურქეთში გადავა. აღნიშნული პროექტის განხორციელებისას ყველაზე საგანგაშო ის გახლავთ, რომ ამ ჰესების მშენებლობა არა საქართველოს, არამედ თურქული მხარის ინტერესებს გამოხატავს, ვინაიდან ჰესები თურქულ კომპანიას გადაეცა მუდმივ მფლობელობაში და დაბალ ფასად ენერგიაც სწორედ თურქეთში გავა. ხოლო საქართველოს მოსახლეობა ენერგიაში იმავე ტარიფს გადაიხდის, რომელსაც ახლა იხდის, განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ამჟამად ინტენსიური მუშაობა მხოლოდ ბახვი-3-ზე მიდის.
პროექტის განხორციელებისას არ ყოფილა გათვალისწინებული:
1. წყლის ხარჯვითი ნაწილი - წყლის ის რესურსი, რომელიც ბახვისწყალშია, არ ეყოფა 5 ჰესის მუშაობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოოდ დაგვრჩება აშენებული ინფრასტუქტურა, გაჩერებული ჰესები და განადგურებული ეკოსისტემა.
2. არ გაკეთებულა სეისმურობის ანგარიში - ვინაიდან აღნიშნული ხეობა 8-ბალიან ზონაშია, ჰესის მშენებლობისას კაშხალი და სათავე ნაგებობები მინიმუმ 9-ბალზე უნდა იყოს გათვლილი. ჩვენი ინფორმაციით, ის ჰესები, რომლის მშენებლობაც უნდა დაიწყოს, 8-ბალზეა გათვლილი.
3. კასკადების პროექტირებისას არ გაკეთებულა მათემატიკური და ფიზიკური, აგრეთვე კლიმატური მოდელირება - თუ რა გავლენას მოახდენს ჰესები გარემო პირობებზე და როგორ შეცვლის კლიმატს ჰესების არსებობა.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” და ,, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო’’ - უახლოეს ხანში გამოითხოვს სატენდერო და ყველა სხვა დოკუმენტაციას აღნიშნულ ჰესებთან დაკავშირებით და ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა არ მოხდეს მათი მშენებლობა საქართველოს უნიკალური ბუნების განადგურების ხარჯზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий