Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 18 мая 2011 г.

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" ევროსასამართლოში ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევით დაზარალებულთა ინტერესებს დაიცავს



2004 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევით დაზარალებული 2420 ადამიანის საჩივარი ეკოლოგიური სამართლის ცენტრისა და მწვანეთა პარტიის ორგანიზებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.
როგორც დღეს მწვანეთა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში  დაზარალებულ მოსახლეობასა და ჭაბურღილის მეპატრონე კომპანიას ,,ნინოწმინდა”(კომპანია `კანარგო ჯორჯიას~ შვილობილი კომპანია) შორის დავა უკვე შვიდი წლის განმავლობაში გრძელდება.
,,ვინაიდან სასამართლოში ნინოწმინდის კატასტროფასთან დაკავშირებული საქმის განხილვისას დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 6-ე და 8-ე მუხლები (სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირადი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება)  ეკოლოგიის სამართლის ცენტრმა დღეს საჩივარი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა“, _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ და დასძინა, რომ ნინოწმინდის კატასტროფის შედეგად დაზარალებული თითოეული მოქალაქე ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 50 000 ლარს ითხოვს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, დაზარალებული მოქალაქეების შესაბამისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. თბილისის  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. სასამართლოსთვის მიმართვის გარდა მოსახლეობამ არაერთგზის მიმართა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, თუმცა მათ განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია.
მჟავანაძის მტკიცებით, მათ აქვთ რამდენიმე  ექსპერტული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდასა და მის ირგვლივ მდებარე სოფლებში ნავთობის ამოფრქვევის შედეგად გამძაფრდა ინტოქსიკაციის მოვლენები. გახშირდა მძიმე ონკოლოგიური დაავადებები და სიკვდილიანობა.
მოსახლეობა კი დღემდე უჩივის წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას, რაც უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
მწვანეთა პარტიის ლიდერ გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით კი, ნინოწმინდაში ამოფრქვეული ჭაბურღილის მფლობელი კომპანია „ნინოწმინდა“  და „კანარგო ჯორჯია“, კომპანია `ვისოლის~ ჰოლდინგში შედიან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მფარველობს.
„სწორედ ამის გამო არ დაკმაყოფილდა ჩვენი და ხსენებული სოფლების მოსახლეობის სამართლიანი საჩივრები. იმედი გვაქვს, რომ სამართალს ევროპაში ვიპოვით“, _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ  საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში 2004 წლის 10-12 სექტემბერს „№100 ჭაბურღილის“ დაზიანების შედეგად მოხდა ნავთობისა და თანმდევი ნივთიერებების ამოფრქვევა.
აღნიშნული ნივთიერებები რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე სამი დღის განმავლობაში იფრქვეოდა. დაბინძურდა 400 ჰექტარამდე მიწის ფართობი. ნინოწმინდის ჭაბურღილზე მომხდარი ამოფრქვევა და მისი შედეგები აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენებაში. საქართველოში ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий